ხუთშაბათი, 2024-11-21, 10:23 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი (122)

GeoNews [123]
GeoNews

GeoNews | Переходов: 686 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: lojkee | Дата: 2008-08-23

           

დედაქალაქისგან რუსული ბლოკ-პოსტებით მოწყვეტილი დანარჩენი საქართველო, რუსი სამხედროების პარპაშისა და მათი სამხედრო ტექნიკის გაუთავებელი გადაადგილებების ფონზე, ნაძალადევი სიმშვიდით ცხოვრობს. 


ხაშური 
ხაშური, რომელიც ორიოდე კვირის წინ საქართველოს რკინიგზის გზაჯვარედინი იყო, ახლა დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მიმავალი, შემოვლითი, გზების გამყოფია. 

ხაშურამდე მოსული სატრანსპორტო საშუალებები დედაქალაქის მიმართულებით ან პირდაპირ მიდიან, გორის უკან მდებარე სოფლებით, ანაც ბორჯომისკენ უხვევენ და წალკისკენ მიუყვებიან უსაშველოდ გრძელ გზას. 

ქალაქ ხაშურში შესულ მანქანებს რუსული მძიმე ტექნიკა ეგებება. ისინი იქ 15 აგვისტოს შევიდნენ და რამდენიმე ადგილას განლაგდნენ. პანიკის პირველმა ტალღამ მეორე დღესვე გადაიარა და დაცარიელებული ქალაქის ქუჩები, მოგვიანებით, კვლავ გაივსო. 

ახლა იქ მშვიდობიან მოქელაქეებთან ერთად, საპატრულო პოლიცია და იარაღგადაკიდებული რუსი სამხედროები მოძრაობენ. რუსები საკვებს, მოქალაქეების მსგავსად, მაღაზიებსა და ბაზარში ყიდულობენ. დროდადრო არც მდინარეში ჭყუმპალაობაზეც ამბობენ უარს. 

რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციის მიერ ბორჯომიდან უკან დაბრუნებული რუსი სამხედროების კოლონის ნაწილი, ხაშურის მახლობლად, სოფელ ტაშისკართან შეჩერდა. იქ მყოფ დამსვენებლებსა და ადგილობრივებს სანაპიროს დატოვება მოსთხოვეს და მტკვარში დედიშობილა გადაეშვნენ. 

ხაშურის ცენტრში, (შადრევანთან) ავტოსადგურსა და ბაზარს შორის, დაახლოებით 20-მეტრიანი დისტანციით 5 რუსული ტანკი დგას. ავტოსადგურთანვე მდებარე “პროკრედიტბანკის” თავზე სნაიპერებიც კი მოკალათნდენ და ზემოდან აკვირდებოდნენ ქალაქს, მაგრამ 21 აგვისტოს ისინი უკვე შენობის სახურავზე არ ჩანდნენ და ბანკიც კი მუშაობდა.რუსები ქალაქში, შეიძლება ითქვას, თავისთვის დგანან, თუმცა არც სიტყვაძუნწობით გამოირჩევიან. ადგილობრივებს ხშირად ეკითხებიან, რას ამბობენ ტელევიზორში მათ გასვლაზე. 

19 და 20 აგვისტოს ხაშურის რაიონში კარგად ისმოდა ოსიაურის სამხედრო ბაზის აფეთქების ხმები, თუმცა მისი მოსალოდნელი დაბობმბვის შესახებ მთელმა ქალაქმა წინასწარ იცოდა. 

ბაზის აფეთქებამდე ერთი დღით ადრე არყით გაჭყეპილი რუსები ხაშურელებს გამოუტყდნენ, რომ ოსიაურის სამხედრო ბაზის განადგურებას გეგმავდნენ...შემოვლითი გზები 
ხაშურში შესული, აღმოსავლეთით მიმავალი მანქნები ორი მიმართულებით მიდიან – ბორჯომისკენ საიდანაც გზას წალკისკენ აგრძელებენ და ცენტრალური ტრასის მიმართულებით, გორის სოფლებისკენ. 

წალკის გზაზე ახალქალქიდან და ბაკურიანიდან გადიან. დაბა ბაკურიანიდან თბილისამდე ამ მოუასფალტებელ, ზოგგან გადათხრილ გზაზე მანქანები 7-დან 9 საათამდე დროს ანდომებენ. 

სუბალპურ ზონაში, მთების ფერდობებზე მიმავალ ცუდ გზებზე ჯიპები მეფობენ. ამ გზაზე, წალკისა და რამდენიმე სოფლის გარდა, სასაუზმეს თუ ბენზინგასამართ სადგურს ვერსად შეხვდებით. 

მძღოლები იქ ღამით სიარულს თავს არიდებენ. სამარშრუტო ტაქსები ამ გზით ბორჯომიდან თბილისში ჩასასვლელად 30-დან 40-ლარამდე, ტაქსები კი 350-იდან 400 ლარამდე თანხას ითხოვენ. მგზავრობის საფასურის გოთხმაგებულია. 

გორის ზედა სოფლები 
სამარშრუტო ტაქსით, ხაშურიდან თბილისში გორის სოფლებით მგზავრობისთვის მოქალაქეები 20 ლარს იხდიან. კერძო ტაქსების მძღოლები კი თითო მგზავრს 25 ლარს ართმევენ. 

ხაშურიდან გასვლისთანავე, იქ, სადაც ადრე ქართული სამხედრო ბაზა იყო და ახლა რუსები არიან, მანქანები ცენტრალური ტრასიდან მარჯვნივ უხვევენ. რუსული ტანკი ჩასახვევშივე დგას, მაგრამ სამხედროები მანქანების შემოწმებით ნაკლებად იწუხებენ თავს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გამავალი ეს შემოვლითი გზა მოუასფალტებელია. 

შიდა ქართლის სოფლების შარაგზებით მანქანები თბილისში 3-4 საათში ჩადიან. სოფლებში დარჩენილმა მოსახლეობამ, იმისთვის, რომ მძღოლებს გზა არ აებნეთ, სახელდახელო ტრაფარეტები დადგეს. 

იქ მოსახლეობის დიდი ნაწილია დარჩენილი. განსაკუთრებული ხალხმრავლობა ქარელში იგრძნობა. ადგილობრივების განმარტებით, იქ პროდუქტების დეფიციტია, მაგრამ პური ჯერ არ ჭირს. ქარელის მახლობლად მდებარე სოფლებიდან გაქცეულთა უმრავლესობაც შინ დაბრუნდა. 

იქ რუსი სამხედროები არ დგანან. ამ შემოვლითი გზის დიდი ნაწილი რკინიგზის პარალელურად გადის. მანქანები რკინიგზის იმ მონაკვეთსაც გადიან, რომელიც რუსებმა ააფეთქეს. ახლა იქ ქართველი სპეციალისტები მუშაობენ. 



მოგვიანებით, გზა სოფელ დიდგორის მოასფალტებულ ტრასაზე გადის და მანქანები დედაქალაქში მცხეთის ქუჩების გავლით შედიან. 

P.S. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტს ფოტო და ვიდეო კადრების გადაღება ფარულად უხდებოდა, რაც აისახა გამოსახულების ხარისხზე.



GeoNews | Переходов: 1186 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-22

შუაზე გახლეჩილი საქართველოს მოსახლეობა ისე არ შფოთავს, როგორც სომხები და აზერბაიჯანელები. ამ ქვეყნების ხელისუფლება უკვე კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაშია.

ორივე სახელმწიფოს სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მიადგა და თუკი საქართველოში სიტუაცია დროულად არ დარეგულირდა, შესაძლოა, მეზობლების ეკონომიკამ კრახი განიცადოს.

საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე შედეგები მოიტანა აზერბაიჯანსა და სომხეთში. აზერბაიჯანში დაგროვილია ტვირთები, რომელიც უნდა გასულიყო ევროპაში. გასაგები მიზეზების გამო, დღეს ეს ტვირთები არ გადის. აქედან გამომდინარე, დიდია დანაკარგი. სომხეთის თითქმის მთლიანად ფოთის პორტიდან მარაგდებოდა.

- ”რუსეთმა თავისი ქმედებებით სომეხი ერი, ფაქტობრივად, მშიერი დატოვა, რადგან სომხეთში ხორბლისა და საწვავის მიწოდება შეწყდა. თუ პროცესი გაგრძელდა, სამხერთ კავკასიის ქვეყანებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, მკვეთრი ეკონომიკურ ვარდნა გარდაუვალია. უპირველესად, შეიქმნება საწვავისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი”, - აცხადებს ექსპერტი კავკავსიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

სომხები დიდი ხანია საგონებელში არიან ჩავარდნილნი, მაგრამ ბოლო დღეებში აზერბაიჯანელებიც ხაფანგში აღმოჩნდნენ. ამ ქვეყნის საექსპორტო პროდუქცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვეღარ გადის, რადგან საქართველოს რკინიგზა დაზიანებულია.

ბოლო ინფორმაციით, კასპთან არსებული აფეთქებული ხიდის აღდენა 27 აგვისტომდე ვერ მოხერხდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სერიოზულად არის დაინტერესებული საქართველოში სტაბილურობით.

მისი თქმით, საომარმა მოქმედებებმა ზარალი მიაყენა აზერბაიჯანის საექსპორტო შესაძლებლობებს. სარკინიგზო ხიდის აფეთქებამ კი აზერბაიჯანული საექსპორტო ბრუნვა მნიშვნელოვნად შეკვეცა.

ალიევი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თვლის, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

- “ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველოში ცხოვრება რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს, დაისადგუროს სტაბილურობამ და ბოლო მოეღოს კონფრონტაციას. აზერბაიჯანს ორ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან - რუსეთთან და საქართველოსთან - მეგობრული ურთიერთობები აქვს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა ერთმანეთშიც იმეგობრონ”, - აცხადებს ალიევი.

აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალზეც მსჯელობენ.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის ჰაიდარ ბაბაევის განცხადებით, საქართველოში შექმნილმა საომარმა ვითარებამ გარკვეული გავლენა აზერბაიჯანის ეკონომიკაზეც მოახდინა. განსაკუთრებული ცვლილებები შეინიშნა სამომხმარებლო ბაზარზე, სადაც ფასების საგრძნობი მატება აღინიშნება.

GeoNews | Переходов: 661 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

     

ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული, როგორიც დღესაა საერთაშორისო საზოგადოება, ალბათ, იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ მსოფლიო ლიდერების თავის ტკივილად რუსეთი იქცა. 


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, თითქმის მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და მხარდაჭერას უცხადებს კავკასიის რეგიონში ერთადერთ ”დემოკრატიის შუქურას” და ერთხმად დაგმეს რუსის ჯარის საქართველოში თარეში. 

თუმცა, დასავლეთის მხარდაჭერა ჯერჯერობით, განცხადებებით და ჰუმანიტარული მისიებით იფარგლება. საქართველოს ხელისუფლებას კი უკმარისობის გრძნობა აქვს და მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისგან უფრო ქმედით ნაბიჯებს ითხოვს. 

დასავლეთი კი, არ ჩქარობს და ცდილობს ცივი ომისგან იხსნას მსოფლიო. ერთის მხრივ, ოფიციალურ თბილისს შეშფოთების მიზეზი მართლაც აქვს. აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსის საოკუპაციო ჯარი არ ჩქარობს საქართველოს დატოვებას. უფრო მეტიც, რუსეთი კიდევ უფრო ღრმად ცდილობს ქვეყანაში გამაგრებას და დასავლეთის კატეგორიული ტონის პარალელურად, სულ უფრო მეტად ისმის აფეთქებები დასავლეთ საქართველოში.  

როგორც ჩანს, რუსეთი სულ უფრო გააღიზიანა ნატოს მინისტერიალმა და რუსეთის იზოლაციის მუქარას ძალის დემონსტრირებით პასუხობს. ეტყობა, პუტინი არც მიხეილ სააკაშვილის კომენტარებს ტოვებს უყურადღებოდ და დაბოღმილი გული უფრო მეტად ევსება ბოღმით.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია მოვლენათა შემდგომი განვითარება და საქართველოს დაბნეული ხელისუფლების მზერა კვლავ დასავლეთისკენაა მიმართული. რამდენად ადეკვატურია დასავლეთი და საით მიდის რუსეთი, ამ საკითხებზე პრესა.გე ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. 

მოვლენათა განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად საქართველოსთვის ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ხელისუფლება უკმაყოფილებას ვერ მალავს და მიხეილ სააკაშვილი დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან განცხადებებიდან მოქმედედბებზე გადასვლას. 

დასავლეთი უფრო კატეგორიული და ქმედითი უნდა ყოფილიყო შექმნილ სიტუაციაში? 
- როცა ადამიანს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, რომელიც მის უსუსურობაზეა დაფუძნებული, მაშინ, მოლოდინიც, რომ სხვა შენს გასაკეთებელს გააკეთებს, აღმატებულია. დედამიწაზე ცხოვრება ისევე გრძელდება, როგორც აქამდე. თუმცა, შეშფოთება სახეზეა და ამ შეშფოთების მიზეზი არა საქართველო, არამედ რუსეთია. 

ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან ერთიანი შეხედულების ჩამოყალიბებას უნდა ვეცადოთ, რომელშიც საქართველოს ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ნატოს მინისტერიალზე 26-მა ქვეყანამ ცალსახად დაგმო რუსეთის მოქმედებები და ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებით, საქართველოს წინ, კიდევ ერთი ნაბიჯის გადაგმის საშუალება მისცა.

ჩვენ კი ყოველთვის, გვინდა აქ დავსვათ წერტილი და ორშაბათს საქართველო ნატოში ვიხილოთ. ევროპელები ერთხელ იტყვიან, მეორედ იტყვიან, მაგრამ მესამედ არ გაიმეორებენ. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. მათ რამდენჯერმე გააკეთეს მინიშნება რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, თუმცა წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაგმულა. მხოლოდ ტრაბახით გამოვუჭედეთ ყველას ყურები.  

დასავლეთმაც, თუ გაგონება არ გინდათ, კი ბატონოო და დაგვანება თავი - უკეთეს გამგონს დაელოდა. თუმცა, თუ ვიქნებით რეალისტები დავინახავთ, რომ დასავლეთის ძალისხმევით, დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ.

ცალკეული ლიდერების განცხადებები, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებით არაა გამყარებული, ბევრს არაფერს ნიშნავს. ნატოს მინისტერიალი კი ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის და ახლა ორივე ფეხი დავდგით დედამიწაზე. საყურადღებოა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალზე პირველად ახსენა სიტყვა ოკუპაცია და ეს დიპლომატიაში ბევრს ნიშნავს.  

მიუხედავად ამისა, რუსები მაინც არ გადიან საქართველოდან.
- ვინმემ მისცა მათ საშუალება გასულიყვნენ საქართველოდან? იქნებ ვინმეს არც აწყობს მათი საქართველოდან გასვლა, რადგან არ იცის შემდეგ რა ქნას? ჩვენ საზოგადოებას არ სჭირდება მორიგი ანტირუსული ისტერიის მოწყობა. ჩვენი განწყობა რუსეთის მიმართ დიდი ხანია ჩამოყალიბებულია. 

-”сила есть ума не надо”, - ეს რუსული ანდაზაა და იგი რუსულ გენში დევს. თუმცა, ქართველებს გვაქვს შესანიშნავი ანდაზა - ”ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოინდომებსა”. ამ ხერხზე იფიქრა ვინმემ?

საერთაშორისო საზოგადოებას არ სჭირდება აჯიკაზე გაზრდილი გენის ტემპერამენტის გამოვლინება. დასავლეთი ნაბიჯ-ნაბიჯ წავა კონფრონტაციის გზით, თუ რუსეთი არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს. რატომ უნდა წავიდეს დასავლეთი ცივი ომის გზით, რა, მათ ეზიზღებათ ეს პლანეტა? 

საქართველოს მკაფიოდ აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატული და იგი ნატოსკენ ისწრაფვის. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება დავაოკოთ რუსეთი, რომელსაც აგიჟებს საქართველოს ნატოში წარმოდგენაც კი? 
- საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ნატოზე საუბარიც არ იყო, როცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. მთავარი პრობლემა ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დამყარების კულტურის არარსებობაა.

რუსული საზოგადოების ცნობიერების პუტინიზაციას განიცდის. როცა პუტინმა НТВ დაიპყრო, მაშინ, მე რუსეთის ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ და განვაცხადე, რომ რუსული საზოგადოების ცნობიერების პუტინიზაცია საფრთხეს შეუქმნიდა, როგორც რუსეთს, ისე ჩემს ქვეყანას. დროა, რუსული საზოგადოება გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს, თორემ ეს თავად რუსეთისთვის იქნება ცუდი.

დღეს ალბათ, ადრეა იმის გაანალიზება, რა მოხდა და შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება. ერთის მხრივ, რუსეთს საქართველო ყელში ყავდა გაჩხერილი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ მიიღო პუტინმა რუსეთისთვის ესოდენ სარისკო გადაწყვეტილება, რითაც მთელ დემოკრატიულ სამყაროს დაუპირისპირდა?  
- პუტინმა თავისი მმართველობა კრახით დაასრულა. მისი სიტყვა არსად გავიდა არც კოსოვოს და არც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით. მას თავმოყვარეობა შეელახა და მონახა ყველაზე მტკივნეული ადგილი, რითაც ცდილობს დარტყმა მიაყენოს ამერიკას.

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისთვის ძნელია იმის დანახვა, რომ არაფრად აგდებენ. მითუმეტეს, რომ რუსეთს სისტემატიურად აღიზიანებდნენ საქართელოდანაც. იგი არასოდეს ჩაუთვლიათ ღირსად ერთი ნორმალური ელჩი გაეზავნათ, რომელიც შეძლებდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და რუსეთს შორის. 

სუსტის და ფიზიკური მონაცემებით დაკომპლექსებული ადამიანის რეაქცია კი ისეთია, როგორც ახლა პუტინი იქცევა. ცუდი კი ისაა, რომ ასეთი დაკომპლექსებული ადამიანი ახლა ორია რუსეთში.

ამბობენ, რომ მედვედევსა და პუტინს შორის უთანხმოება უკვე დაიწყო. რამდენადაა მოსალოდნელი, რომ მედვედევიც შეაწუხოს თავმოყვარეობამ და პრეზიდენტის ამბიციებმა?
- მედვედევი უმალ თავს მოიკლავს, ვიდრე პუტინს დაუპირისპირდება. ეს ის საკითხია, როცა პუტინმა ათასჯერ გაზომა და ერთხელ გაჭრა, როცა თავის შემცვლელად მედვედევი დანიშნა. 

- რაც შეეხება რუსეთის მომავალს, მან ისე მოიჭრა თავი საერთაშორისო ასპარეზზე, რომ დღეს რუსეთის გინებამ აქტუალობა დაკარგა. როცა ქვეყნიდან უზარმაზარი კაპიტალი გადის საზღვარგარეთ, ეს დიდი რისკია თავად პუტინისთვის. დღეს ვინც რუსულ პოლიტიკაში იღებს გადაწყვეტილებას, ამ ხალხის უმრავლესობა ჩრდილში დგას და არ ჩანს. თუმცა, როგორც შეაფასებენ ისინი რუსეთში მიმდინარე პროცესებს და რას მოიმოქმედებენ შემდგომში მთავარი ესაა.

GeoNews | Переходов: 948 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

საქართველოში რუსული საოკუპაციო არმიის ქმედებებიდან გამომდინარე უცხოური მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა თბილისის დაბომბვაზე. საუბარია სარაკეტო ტექნიკაზე, რომელიც ცხინვალშია განლაგებული და რომლიდანაც შესაძლოა, თბილისზე დატყმა განხორციელდეს. 

ამასთან, განიხილება რუსული არმიის მიერ მცოცავი ანექსიის განხორციელებაც, რომლის საფრთხეც ბოლო დროს შეიმჩნევა. 

თუმცა, თბილისის შესაძლო დაბომბვაზე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას რუსული გენერალიტეტი. როგორც რუსეთის საოკუპაციო არმიის გენშტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინი აღნიშნავს, “რუსული არმია თბილისის აღებას არასოდეს გეგმავდადა. არც ერთ რუსულ გეგმაში თბილისისკენ გასროლა ნავარაუდევი არ არის”. 

ქართველ ექსპერტთა ნაწილი თბილისის აღებას ახლა უკვე თითქმის შეუძლებლად მიიჩნევს, თუმცა რუსეთის ქმედებებში ბოლომდე დარწმუნებული მაინც არავინაა. 

- “ეს ინფორმაცია არა მარტო რუსულ პრესაში, არამედ უცხოურ პრესაში გაჩნდა. საუბარია სარაკეტო სისტემა “ტოჩკაზე”, რომელიც ცხინვალის რეგიონშია განთავსებული და რომელსაც იდეაში შეუძლია მიწვდეს თბილისსა და ქუთაისს, ასეთი სტატიები გარკვეულ პროვოკაციასაც შეიცავს. თუმცა, თუ ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდება, არაფერს გამოვრიცხავ. მე არ მინდა, დავიჯერო, რომ რუსეთი ამაზე წამსვლელია”, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი. 

მისი თქმით, რუსული ჯარის ყოფნის მთავარი მიზანი პროვოკაციების მოწყობაა. ამასთან, როგორც ექსპერტი აცხადებს, რუსული არმიის სურვილია, იერიში მიიტანონ დარჩენილ სამხედრო ობიექტებზე. 

- “მათი მიზანია დარჩენილი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძარცვა და განადგურება. საჭიროა დასავლეთმა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. როდესაც სერბეთში რუსული ჯარები შევიდნენ, დასავლეთმა ნატოს ჯარები შეიყვანა და რუსები გაძევეს. ამ შემთხვევაში შემაჩერებელი იქნება ნატოს ჯარების შემოყვანა, მაგარამ დასავლეთი ერიდება რუსეთთან ღია კონფლიქტს”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მცოცავი ანექსიის საფრთხე არ განიხილება და რუსული საოკუპაციო ჯარების ბოლო გადაადგილებები, მათ შორის საჩხერის ინციდენტიც, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. 

- “საჩხერეში არის სამხედრო ბაზა და სასწავლო ცენტრი ქვეითების გადამზადებისთვის, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ სწყურიათ ამ ბაზის განადგურება. არ გამოვრიცხავ, რომ იერიშიც მიიტანონ, რადგან მათ ამ ბაზის განადგურებისა და ტყვია-წამლის მოპარვის სურვილი ამოძრავებთ”. 

თბილისის დაბომბვასთან დაკავშირებით მედიაში კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა. საუბარია იმაზე, რომ თბილისის დაბომბვას, რომელიც რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის იდეა იყო, პრეზიდენტმა მედვედევმა წინააღმდეგობა გაუწია. ამ ვერსიას სესიაშვილი ნაკლებ დამაჯერებლად მიიჩნევს. 

- “ეს ვერსიები ფართოდ ჟღერდება, რადგან პუტინმა მედვედევი ავანტურაში ჩაითრია. მას თავისი ადგილი ნაპოვნი არ აქვს და საკუთარი მოქალაქეებიც კი ვერ აღიქვავენ პრეზიდენტად. მედვედევის სურვილი, საქართველოს დაჩოქებით ქულები დაეწერა, ვერ აღმოჩნდა მომგებიანი, რადგან დასავლეთი საკმაოდ კრიტიკულად მიუდგა ამ ნაბიჯს”, - აცხადებს სესიაშვილი. 

ექსპერტი თავდაცვის საკითხებში გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ შესწევს ძალა დაარტყას თბილისს და შემდეგ მიღებულ შედეგს გაუმკლავდეს. 

- “გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუ შექმნილ რეალობას გავითვალისწინებთ, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს სურვილი, მცოცავი ანექსია განახორციელონ. ამისათვის საჭიროა გაცილებით დიდი სამხედრო ძალა ვიდრე 58-ე სამხედრო არმიაა და თუნდაც მიმატებულიკიდევ 2 ბრიგადა, რომელიც აფხაზეთშია განლაგებული. ჯერ-ჯერობით რუსეთს აქვს თავის გასასამართლებელი საბუთი და არ იწვევს პირდაპირ აგრესიულ მოქმედებას ევროპისა და ამერიკის მხრიდან, რადგან მათ შეზღუდეს მოქმედებები, მაგრამ, როგორც კი ჯარები დაიძვრება თბილისისაკენ, ეს აღიქმება ოკუპაციის მცდელობად”, -აცხადებს თავდგირიძე. 

მისი თქმით, საუბარი მცოცავ ანექსიაზე ნაადრევია. როგორც თავდგირიძე აღნიშნავს, მოცემული ფაქტები კი მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ საქმე გვაქვს ტიპიურ მოროდიორობასა და საკბილოს შოვნის სურვილთან. 

- “რუსული ჯარები თუ სადმე გაიწევენ, მას ვერ შეაჩერებენ და პოლიციის ამოცანა ეს არ არის. რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა მოწოდების სიმაღლეზე არ არის და, შესაბამისად, არმიაშიც არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საკბილიოს ეძებენ. ეს არ არის მცოცავი ანექსია, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ხელწერა იქნებოდა”, - აცხადებს თავდგირიძე. 

მისი განცხადებით, პუტინს აქვს ამბიცია, მაგრამ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც რეალობას აღიქვამენ. როგორც თავდგირიძე აღნიშნავს, 58-ე არმიას არ შეუძლია, მოხდინოს საქართველოს აღება და ამის ძალა მათ არ ეყოფოდათ. ექსპერტის თქმით, თუ საუბარი იქნებოდა თბილისის აღებაზე, რუსეთს უნდა მოეშველებინა სხვა ფლანგები. 

- “რაც შეეხება იმას, რომ მედვედევი იყო თბილისის აღების წინააღმდეგი, ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და მას აქვს ძალიან დიდი პასუხიმგებლობა როგორც ბიზნესმენების, ასევე თავისი ამომრჩევლების წინაშე. პუტინი შესაძლოა, ხვალ აღარც იყოს თავის თანამდებობაზე და ვერასოდეს შეძლოს მმართველ ელიტაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წააგო, პუტინმა ძალიან ბევრი ქულა დაიწერა”, - აცხადებს თავდგირიძე. 

თავდაცვის ექსპერტი კობა ლიკლიკაძე კი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე შეუძლებელი არაფერია, თუმცა ლიკლიკაძე მიიჩნევს, რომ ეს რუსეთისთვის დიდი კრახი იქნება. 

- “გავითვალისწინოთ - რუსები ანგრევენ დაანადგურებენ ქართულ სამხედრო პოტენციალს. შესაბამსად ყველაფერი შესაძლებელია. მგონია, რომ თბილისს ვერავინ აიღებდა, შეიძლებოდა ამ თემაზე მსჯელობა რაღაც პერიოდში იყო, თუმცა პოლიტიკურად ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი კრახი იქნებოდა. ახლა რუსეთს შეუძლია თქვას, ვანადგურებ კონფლიქტის ზონასთან მდებარე სამხედრო პოტენციალს, რომელიც პოტენციურად საშიშიაო, ხოლო თბილისის შემთხვევაში ეს არგუმენტი გამორიცხული იქნებოდა”, - აცხადებს ლიკლიკაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მცოცავ ანექსიაზე საუბარი ზედმეტია: 

- “რაც შეეხება ტერმინებს, მგონია, რომ ნაადრევია და რუსეთი დატოვებს ტერიტორიას და ნელ-ნელა გაიყვანს ტექნიკას, მეორეს მხრივ ეს არის ანექსია, რადგან მთელს საქართველოში რუსული ჯარები დადიან. როდესაც იგოეთთან ვიმყოფები და მთხოვენ, რომ საჭიროა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს დამოწმებული დოკუმენტი, მე ვიმყოფები ანექსიაში”.

GeoNews | Переходов: 846 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

ბი-ბი-სი იტყობინება, რომ ოთხშაბათს ანკარამ ბოსფორის სრუტის გავლით, შავ ზღვაში სამი ამერიკული გემი შეუშვა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება მოაქვს საქართველოსთვის. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ლაპარაკია ორ გემსა და ერთ სანაპირო დაცვის კატერზე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ეს გემები არაა ის მცურავი ჰოსპიტლები, რომელის გატარებასაც შავ ზღვაზე ვაშინგტონი ადრე სთხოვდა თურქეთს. 

მაშინ ანკარამ უარი იმით დაასაბუთა, რომ გემების გაბარიტები სრუტეში შესვლის დროს საფრთხეს შეუქმნიდა სხვა გემების მოძრაობას. 

ვუდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ანკარასთან შავი ზღვის გზით საქართველოსათვის ჰუმანიტარული ტვირთების ტრანზიტის შესახებ. 

აქამდე, ვაშინგტონის დახმარება საქართველოსთვის მხოლოდ საჰაერო გზით ხორციელდებოდა.

GeoNews | Переходов: 1105 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

რუსეთი ახლოსაა გადაწყვეტილებასთან - ცნოს ორი თვითაღიარებული რესპუბილიკის დამოუკიდებლობა, რომლებმაც საქართველოში კონფლიქტის გაღვივება შეძლეს. რუსეთმა სადავო ტერიტორიებზე და მის ირგვლივ თავისი სამხედროების განლაგების გეგმაც დადო.

აშშ და ევროპა რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ კრემლზე ზემოქნედებისთვის არასაკმირის ბერკეტებს ფლობენ.

რუსმა კანონმდებლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათი აზრით, კრემლის მიერ კონტროლირებული პარლამენტი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რომლებიც დიდი ხანია ოცნებობენ საქართველოსგან გამოყოფაზე. „რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა ალბათ სპეციალურ სესიებს ჩაატარებს მომდევნო კვირას, სადაც შესაძლოა დამოუკიდებლობის საკითხის განხილვაც მოხდეს“, - აღნიშნავენ კანონმდებლები. 

რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის ირგვლივ ”ბუფერულ ზონას” შექმნიან, სადაც რვა სამხედრო პოსტი განლაგდება საქართველოს ტერიტორიაზე. „რუს სამხედროებს ასევე სურთ, რომ შეიქმნას ზონა, სადაც ქართულ თვითმფრინავებს შესვლა აეკრძალებათ“, - განაცხადა რუსეთის გენშტაბის უფროსმა ანატოლი ჰოგოვიცინმა. ამგვარი ქმედებები დამატებით ზიანს მიაყენებს საქართველოს სუვერენიტეტს. 

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება იტყობინება, რომ რუსეთის მთავრობა, როგორც ჩანს, მუდმივი საკონტროლო გამშვები პუნქტის შექმნას აპირებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის ფოთის პორტის სიახლოვეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რუსულ გეგმებს ”ბუფერული ზონის” შექმნასთან დაკავშირებით ”აბსოლუტურად უკანონო და არალეგიტიმური უწოდა”, რომელიც დაარღვევს საფრანგეთის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ გეგმას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ. 

- ”ისინი სამხედრო გზებით ცდილობენ პოლიტიკური მიზნების მიღწევას - ქვეყნის პარალიზებას და გაგუდვას”, - აღნიშნა მან. 

- ”ეს არა სამშვიდობო ნაბიჯი, არამედ მეზობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განადგურებაა”.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებამ შესაძლოა რუსეთის იზოლაცია კიდევ უფრო გააღრმავოს, რამდენადაც მის მაგალითს მხოლოდ ცალკეული ქვეყნები თუ მიჰყვებიან. მაგრამ ეს საშუალებას მისცემს რუსეთს ამ რეგიონებში შექმნას მუდმივი სამხედრო ბაზები და იმდენი სამხედრო მოსამსახურე განალაგოს, რამდენსაც მოისურვებს. 

კონსტანტინე ზატულინის თქმით, მოსკოვმა მუდმივად უნდა იყოლიოს არაუმცირეს 3’000 სამხედრო მოსამსახურისა თითოეულ სეპარატისტულ რესპუბლიკაში. მისი შეფასებით, ახლა საქართველოში 15’000-მდე სამხედროა. 

„წარსულში რუსეთი ვერ წყვეტდა რესპუბლიკების აღიარებას, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ არ სურდა ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს”, - აღნიშნა მან.

- ”მაგრამ ამ თვეში საქართველოს ქმედებებმა რუსეთს სხვა არჩევანი არ დაუტოვა. პარლამენტი, რა თქმა უნდა, მიესალმება ამგვარ გადაწყვეტილებას”. 

მისი თქმით, ბელორუსმა და რუსეთის რამდენიმე მოკავშირე ქვეყანამ ცენტრალური აზიიდან შეიძლება მხარი დაუჭიროს რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. 

აფხაზეთის პარლამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით რუსეთს, აღიაროს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 

- ”მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთში სისხლი დაიღვარა, ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ ქართველებთან ერთად ცხოვრებას ვერ შევძლებთ”,- განაცხადა სერგეი შამბამ. მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთს სურს, რუსმა სამხედროებმა დაიკავონ ორი სამხედრო ბაზა, რომელიც 90-ან წლებში დატოვეს საბჭოთა ჯარებმა.

თებერვალში, როცა აშშ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხს განიხილავდა, მაშინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსები არ მოითხოვენ დასავლეთისგან იმავეს გაკეთებას საქართველოს თვითაღიარებული რესპუბლიკების მიმართ. ”თუ ვინმე ცუდ, უკანონო გადაწყვეტილებას იღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ”,- აღნიშნა მან. 

თუ რუსეთი სეპარატისტული რეგიონების აღიარებით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, ევროკავშირი რასაკვირველია, გამოხატავს უკმაყოფილებას, აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა მარტინ სელმაიერმა. ”ჩვენ არ შეგვიძლია სამხედრო იერიშის მიტანა, მაგრამ გვაქვს სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შეიძლება გადაიხედოს. ჩვენ ეკონომიკური ძალა ვართ,” - აღნიშნა მან. 

ევროკავშირის მძლავრ ბერკეტად შეიძლება იქცეს საგანგებო სამიტი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტმა სარკოზიმ სექტემბრის დასაწყისში მოიწვიოს რუსეთისთვის სადამსჯელო ღონისძიებების შემუშავების მიზნით, მათ შორის იგულისხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწერვიანებაზე უარის თქმა.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, პროვინციების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში რუსეთი მარტო იქნება. 

”საერთაშორისო კანონები გვაუწყებენ, რომ არასაკმარისია ერთი სახელმწიფოს უბრალოდ აღიარება მეორისგან, უნდა იყოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება”.

GeoNews | Переходов: 1019 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

sაქართველოს ოკუპაცისა და ინტერვენციის მთავარი არქიტექტორი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერი, ვლადიმერ პუტინი თავისი ქმედებებით საფუძველს რუსულ ფაშიზმს უყრის, რაც, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ თავის ცხოვრებას და კარიერას ადოლფ ჰიტლერის მსგავსად დაასრულებს. 


და მაინც, ვინ არის პუტინი?
ვლადიმერ პუტინის ბევრი ნაცნობი ფიქრობს, რომ მისი ხასიათის მთავარი თვისება ძალაუფლებისკენ კი არა, სიმდიდრისაკენ სწრაფვა. მორალური ბარიერების უქონლობა და პირადი სარგებელის დაუოკებელი წყურვილი მან კარიერის დასაწყისშივე გამოავლინა.

90-წლების დასაწყისში ლენინგრადის საბჭოს დეპუტატებმა, მარინა სალიემ და იური გლადკოვმა სპეციალური გამოძიება ჩაატარეს, რომელიც ეხებოდა ფერადი მეტალებისა და ნედლეულულის საზღვარგარეთ გატანის ლიცენზიას. მათ პუტინი კორუფციაში დაადანაშაულეს. რუსეთის მომავალი სისხლიანი ლიდერის კორუფციული სქემა ასეთი იყო - გატანილი ნედლეულის ნაცვლად პეტერბურგში უნდა შემოეტანათ საკვები პროდუქტი, მაგრამ პროდუქტი ქალაქს არ მიუღია და ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილით, უწამლობით და გაჭირვებით დაიღუპა.

დეპუტატებმა სობჩაკს რეკომენდაცია მისცეს, პუტინი სამსახურიდან გაეშვა. მაშინ პუტინი პეტერბურგის მერის - სობჩაკის მოადგილედ მუშაობდა და სობჩაკი მას თავის მოწაფეს ეძახდა.

ამ დროს რუსეთში დაიწყო ”დიდი პრივატიზაცია”, რომელშიც პუტინი აქტიურ მონაწილეობას იღებდა:

ბალტიის ზღვის ფლოტზე კონტროლმა პუტინს საშუალება მისცა, რუსეთის გემები კაპიკებად გაეყიდა. ყველა საჭირო ოპერაციას კი კრიმინალური ავტორიტეტი ტრაბერი ახორციელებდა.

პუტინი მაგარი სასმელების ქარხანას - ”სამტრესტი” მისწვადა და ოპერაცია კრიმინალური ავტორიტეტს, მიშა მირინაშვილს, იგივე ”მიშა ქუტაისკის” ჩაატარებინა. 

1998 წელს სასტუმრო ”ასტორიის” აქციების 40% ტენდარზე გამოიტანეს, პუტინს სურდა, აქციების თავისი წილი გაეზარდა, მაგრამ ტენდერი სპირტიანი სასმელების ქარხნის ”ა.ფ.ვ.-2”-ის დირექტორთან, საბადაჟთან წააგო, თუმცა საბადაჟა პუტინმა დააშინა და მოხდა შეთანხმება: საბადაჟმა პუტინს გადაუხადა ”გირაო” - 800 ათასი დოლარი. მაშინ ეს ძალიან დიდი თანხა იყო.

პუტინი, ასევე, მონაწილეობდა პეტერბურგის 11 ტელეარხის და ”რუსსკოე ვიდეოს” პრივატიზაციაში, სადაც დარღვეული იყო პრივატიზაციის კანონი. ”რუსკოე ვიდეოსთან” დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც არალეგალურად იღებდნენ პორნოფილმებს. საქმეს იძიებდა ვანუშინი, გენპროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპგამომძიებელი. დაიჭირეს არხის გენდირექტორი როჟდესტვენსკი, რომელიც აფინანსებდა პუტინის ცოლის საზღვარგარეთულ მოგზაურობებს. 

ვიცე-მერობის დროს, პუტინი კაზინოების ლიცენზიების გაცემაზე იყო პასუხისმგებელი. თითო ლიცენზიაში 100 დან 300 ათას დოლარამდე იღებდა. ამავე დროს, პეტერბურგში არსებული ყველა ელიტური კლუბის დამფუძნებელი გახლდათ.

1996 წელს, სობჩაკის წინასაარჩვნო კამპანიისთვის, ბანკი ”ცარსკოსელსკოე”-დან შვეიცარიის ბანკში გადაირიცხა 30 მილიონი დოლარი. გადარიცხვას აკონტროლებდნენ პუტინი, ჩერკასოვი, გრიგორიევი (მასალები ინახება ბორის დესიატნიკოვთან)

პუტინმა ორგანიზება გაუკეთა ბავშვების გაყიდვის სისტემას საზღვარგარეთ, სანკ-პეტერბურგის ცენტრალური რაიონის ბავშვთა სახლის მეშვეობით (მასალები ინახება გამომძიებელ ლისეიკოსთან და გენპროკურორის მოადგილე კატიშევთან).

ვიცე-მერის რანგში პუტინმა ორგანიზება გაუკეთა საზღვარგარეთ წყალქვეშა ნავების გაყიდვას ლენინგარდის ადმირალიტეიტის გაერთიანების საშუალებით. მალე, ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მოკლეს, სავარაუდოდ, თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.

ბაკტიის საფინანსო ჯგუფის ხელმძღვანელი კაპიში პუტინს და ჩერკასოვს მუდმივად უხდიდა ფულს. 1994-95 წლებში კაპიშს კონფლიქტი მოუვიდა საზღვაო პორტის ტერმინალის ერთ-ერთ დამფუძნებელთან და მისი მკვლელობა შეუკვეთა. პუტინმა 50 000 დოლარის საფასურად შეარიგა კონფლიქტური მხარეები და კაპიშის მოწინააღმდეგე ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. 1996 წელს კაპიშმა საპრეზიდენტო კამპანიისთვის 6 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ფული საოლქო ბანკიდან გაედინა და ამ ბანკმა მალევე შეწყვიტა არსებობა.

1998 წელს პუტინმა, დეპუტატებთან - ნიკეშინთან და გოლდმანთან ერთად, შექმნა კორპორაცია ”XX ტრესტი”, საიდანაც მშენებლობაში აღებული საბიუჯეტო ფული, ასევე, ბიზნეს-ცენტრ ”პეტრ ველიკის” მშენებლობის საბიუჯეტო თანხები გადაგზავნეს ესპანეთში, ტორვიეჰოში სასტუმრო იქნა ნაყიდი. მოპარული ფულის ნაწილი მოხმარდა პუტინის ვილის ყიდვას ესპანეთის ქალაქ ბენიდორში. 

2000 წლის 13 მაისს ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუზაში ლიხტენშტეინის ეკონომიკის მინისტრის ძმა, ადვოკატი რუდოლფ რიტერი დაიჭირეს. ჯერ კიდევ აპრილში პრესაში გამოქვეყნდა გერმანიის სპეცსამსახურის ანგარიში, სადაც რიტერი, ძმები ოჩოას კოლუმბიელი ნარკოკარტელისა და რუსეთის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების აგენტ-შუამავლადაა მოხსენებული. 

რიტერის კომპანიას - SPAG, რომელიც კოლუმბიური ნარკომაფიის ფულით პეტერბურგში უძრავ ქონებას ყიდულობდა, ”სახურავად” ვლადიმერ პუტინი ჰყავდა. იგი ამ დროს პეტერბურგის მერიის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი და ოფიციალურად, 2000 წლის 23 მაისამდე ფირმის კონსულტანტად მუშაობდა. სწორედ ეს ფირმა იქცა ფულის გათეთრების ცენტრად მთელ ევროპაში. 

კრიმინალური ელემენტები რუმინულ ბანკში - IRB ათეთრებდნენ ფულს და ამ ფულით რუსეთში უძრავი ქონებას ყიდულობდნენ. 

1997 წლის 12 დეკემბერს, ”ჯიპი”, რომელშიც პუტინი იჯდა, მინსკის შოსეზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა. მანქანამ 5 წლის ბავშვი გაიტანა - დენის ლეგშინი ადგილზევე გარდაიცვალა. პუტინის მძღოლი, ბორის ზიკოვი არ დაუჭერიათ, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, 1999 წელს კი ამნისტია შეეხო. 

ასევე, პუტინი ცუდად უძღვებოდა თავის საქმეს ფსბ-ს ხელმძღვანელად ყოფნის დროს. მოხდა რამდენიმე გახმაურებული მკვლელობაც, რომელიც დღემდე არ გახსნილა: 

1. 1998 წლის 20 აგვისტოს მოკლეს ჟურნალ ”იურიდული პეტერბურგი დღეს” მთავარი რედაქტორი ანატოლი ლევინ-უტკინი.
2. 1998 წლის 21 აგვისტოს მოკლეს დაღესტანის მუფტი საიდ-მუხამედ აბუბაკაროვი და მისი ძმა მახაჩკალის მთავარ მეჩეთში.
3. 1998 წლის 10 ოქტომბერს, რადიომართვად ნაღმზე აფეთქდა ”პეტერბურგსკაია ტოპლივნაია კომპანიას” პრეზიდენტი, სანკ-პეტერბურგის გუბერნატორობის კანდიდატის, გენადი სელეზნიოვის ნდობით აღჭურვილი პირი, დიმიტრი ფილიპოვი, რომელიც მძიმე ჭრილობების გამო, 1998 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა.
4. 1998 წლის 16 ოქტომბერს ბანდიტური თავდასხმის დროს, დაჭრეს გენადი სელეზნიოვის სპონსორი და მრჩეველი მიხეილ ოშეროვი.
5. 1998 წლის 28 ნოემბერს სანკ-პეტერბურგში მოკლეს დეპუტატი გალინა სტაროვოიტოვა.
6. 1998 წლის 28 ნოემბერს თავს დაესხნენ მოსკოვის ცენტრალური ოლქის პრეფექტის მოადგილეს, პეტრე ბირიუკოვს.
7. ჩეჩნეთში სამი ბრიტანელი და ერთი ახალზელანდიელი მხეცურად მოკლეს. ისინი გაიტაცეს 1998 წლის 3 ოქტომბერს და მათი თავმოჭრილი გამები 10 დეკემბერს აღმოაჩინეს.
8. 1999 წლის 17 იანვარს მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოსთან ავტომანქანა აფეთქდა.
9. 1999 წლის 4 მარტს, მოსკოვში მოკლეს ჟურნალ ”რუსეთის ადვოკატის” რედაქტორი, პოლიაკოვი.
10. გროზნოში, 1999 წლის 5 მარტს, მოიტაცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გენადი შიპუნი.
11. 1999 წლის 19 მარტს ვლადიკავკასის ბაზარში მოხდა აფეთქება, რომელსაც 60 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაიჭრა.
12. 1999 წლის 28 მარტს, მოსკოვში, ამერიკის საელჩოს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
13. 1999 წლის 31 მარტს მახაჩკალაში მოკლეს დაღესტნის პროკურორის მოადგილე, კურბან ბულატოვი.
14. 1999 წლის 4 აპრილს, ლუბიანკაზე ფსბ- მისაღებში აფეთქება მოხდა.
15. 1999 წლის 10 მაისს ებრაელთა თეატრი ”შალომი” დანაღმეს.
16. 1999 წლის 21 ივლისს ტუვის ქალაქ კიზილის მერი, ჰენრიხ ელი მოკლეს.

ეს და სხვა გაუხსნელი დანაშაულებები აჩვენებს ან პუტინის არაპროფესიონალიზმს ან უფრო უარესს, - წერს ბორის ბერეზოვსკი პუტინზე დაწერილ დოსიეში. 

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. რუსეთის პრემიერი აკონტროლებს ”სურგუტნეფტოგაზის” 37%, ”გაზპრომის” - 4,5% და GUNVOR-ის - 50%.

GeoNews | Переходов: 819 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

GeoNews | Переходов: 808 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

      

რუსმა ჯარისკაცებმა საჩხერიდან თბილისში მომავალი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე დააკავეს. 


ამის შესახებ ”პირველს” შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციის პრესსამსახურიში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩი დაახლოებით ერთი საათია, გორის ერთ-ერთ საგუშაგოსთანაა დაკავებული. 

შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება მის გათავისუფლებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

GeoNews | Переходов: 1239 | Рейтинг: 0.0/0 | Добавил: dato | Дата: 2008-08-21

შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz