შაბათი, 2024-04-20, 3:19 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

”აღმოჩნდა, რომ ჩვენ ფულს არა თავდაცვაში, არამედ თავდასხმაში ვდებდით”
http://”აღმოჩნდა, რომ ჩვენ ფულს არა თავდაცვაში, არამედ თავდასხმაში ვდებდით” 2008-08-19, 10:04 AM
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპული ჯარისკაცების შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილია 135 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 70 კი დაკარგულია.

საზოგადოების ნაწილი ამ რიცხვს არარეალურს უწოდებს და ფიქრობს, რომ თავდაცვის უწყება ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. სხვათა შორის, დაღუპულ რუს ჯარისკაცთა შესახებ არ საუბრობს არც რუსული მხარე. ამბობენ, რომ მათ ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ, ისევე როგორც ოსურ ბანდფორმირებებს. 

ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდგომ დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობის შესახებ თბილისში არა ერთი მოარული ხმა გავრცელდა. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია დიდი მსხვერპლის შესახებ ჭორია და ძალიან გაზვიადებული. 

ამ საკითხებზე “პრესა.გე” ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” დირექტორს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა. 

ირაკლი სესიაშვილი: “თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რიცხვი აბსოლუტურად რეალურია - 135 ჯარისკაცია დაღუპული და 70-მდე დაკარგული. ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნია. მით უფრო, რომ ვეყრდნობი იმ ჯარისკაცების მონაცემებს, ვინც იქ იბრძოდა. 

მათ მონათხრობს აბსოლუტურად ვენდობი. ჩემს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, დანაკარგი ძალიან მცირეა იმ მოწინავე ბატალიონებში, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ. საუბარი მაქვს 41-ე, 42-ე, 43-ე და სხვა ბატალიონებზე. ჩვენ ისინი საკუთარი თვალით ვნახეთ და მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები არიან. ზოგიერთ ბატალიონში გარკვეული დანაკარგები აქვთ, მაგრამ არა იმდენი, როგორი გაზვიადებული ჭორებიც დადის”. 

135 დაღუპული არის მხოლოდ სამთავრობო ძალებში, თუ მათ შორის არიან რეზერვისტებიც? ასევე მოარული ხმებით, რეზერვისტებშიც სერიოზული დანაკარგია.
- რას ბრძანებთ. რეზერვში დიდ დანაკარგებზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი. სამწუხაროდ, დაღუპულები რეზერვისტებს შორისაც არის, თუმცა როგორც ვიცი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი. ცხადია, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ჩვენთვის თითოეული ადამიანის დაკარგვა მტკივნეულია და ერთი ჯარისკაცის სიკვდილიც კი დიდი მსხვერპლია. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ გავრცელებული ჭორები სხვადასხვა ბატალიონების განადგურების შესახებ მცდარია. როგორც ვიცი, ცხინვალში 40-45 დაღუპულია ჩარჩენილი. 

გული მწყდება, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით არ იწყებს მუშაობას და მიცვალებულების გადმოსვენებას არ ითხოვს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ოსური მხარე მზად არის ქართულ მხარეს გარდაცვლილები გადმოსცეს. არ ღირს ამ პროცესისთვის თვალის არიდება.

საქართველოს ხელისუფლება პირველივე დღიდან ამბობს, რომ დაღუპულებისა და დაჭრილების გამოსაყვანად რუსული მხარისგან ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებაზე არ თანხმდება.
- ასეთ დროს ბევრი ტყუილ-მართალია. ოსური მხარე აცხადებს, რომ ჩვენ ქართველი მეომრები უკვე სასახლეებში განვათავსეთ და მზად ვართ თბილისს გადმოვცეთ, თუმცა ქართული მხარე აქტივობას არ იჩენსო. ქართული მხარე კი ამბობს, რომ ვითხოვთ, მაგრამ არ გვაძლევენ. აქ სიმართლეს ვერ გაიგებ. 

ამ პროცესში წითელი ჯვარი უნდა ჩაერთოს. ცხინვალში ტყვეები და გატაცებული ხალხია. ახლა დამხარებას პირველ რიგში ისინი საჭიროებენ. უმჯობესია, დღესდღეობით ვისი გადარჩენაც შეიძლება, ის გადავარჩინოთ და დაღუპულებს კი სათანადო პატივი მივაგოთ და პატრონებს ჩავაბაროთ. 

ბოლო დღეებში სატელევიზიო კადრებით ვხედავთ, თუ როგორ ანადგურებენ რუსი ჯარისკაცები ქართულ სამხედრო ნაწილებს, როგორ გააქვთ ტექნიკა და იარაღი. თუ შეიძლება უკვე საუბარი იმაზე, რა ღირებულების ზიანი მიადგა ქართულ შეიარაღებას?
- მოდით, ამ საკითხის კომენტირებისგან ჯერ თავი შევიკავოთ. ხაზს ნუ გავუსვამთ, რომ დიდი რაოდენობით იარაღი გააქვთ და სხვა. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. ფაქტია, რომ რუსი სამხედროების მიერ ქართული სამხედრო ნაწილების ძარცვის კადრების ყურებამ გული გვატკინა. ეს ყველას ქონება იყო. 

მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებდა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, როდესაც თავდაცვის სფეროში ამდენი ფული იდებოდა. თუმცა როგორც ახლა აღმოჩნდა, ჩვენ ფულს არა თავდაცვაში, არამედ თავდასხმაში ვდებდით. 

როგორც აღმოჩნდა, თავდაცვითი სისტემა არ გვქონია. თავდაცვის სისტემები და თავდასხმის სისტემები ერთმანეთისგან ცოტა განსხვავდება. ეჭვი მაქვს, რომ უფრო მეტად თავდასხმითი იარაღი გვქონდა, ვიდრე თავდაცვითი.

შეფასებების გაკეთება ახლა ძალიან ადვილია, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას იმიტომ ვუხდით ხელფასს, იმიტომ მივეცით ლეგიტიმაცია და ნდობა, რომ ჭკვანი ხალხი გვგონია. ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ჩვენი ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მასთან ერთად პასუხი უნდა მოვთხოვოთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ამ ხელისუფლებას აძლევს ხმას. 

როგორც აღმოჩნდა, საქართველო რეალურად რუსეთის საჰაერო იერიშებმა გატეხა. ამ თავდასხმის მოგერიების საშუალება იყო?
- რეალური საფრთხე იყო, რომ რუსეთი ჰაერიდან მოახდენდა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების განადგურებას. ამან როგორც მორალურად, ისე ტაქტიკურად წელში გატეხა ქვეყანა. როგორც თავად ჯარისკაცები ამბობენ, თავის ამოწევის საშუალებას არ აძლევდნენ, ისეთი მასშტაბის საჰაერო იერიშები მიდიოდა. 

სხვათა შორის, თავის დროზე სერბეთმა რამდენიმე ათას დაბომბვას გაუძლო. თუკი ვინმე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამდა და ომში ჩაერთვებოდა, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო, თავდაცვაზე უნდა ეფიქრა. ასევე, უნდა ეფიქრა ევაკუაციის გზებზე, ქონების გადარჩენაზე, გზების, ხიდების და მაგისტრალების დაცვაზე. ეს არის სტრატეგიის ანბანი. 

ის, რომ ყველაფერ ამისთვის საქართველო მოუმზადებელი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ ხომ არ მიანიშნებს, რომ ქართული მხარე ომის დაწყებას არ აპირებდა და მით უფრო რუსეთის ღია აგრესიას არავინ ელოდა?
- საზოგადოება ხელისუფლებას იმიტომ უცხადებს ნდობას, რომ იქ პროფესიონალები უნდა იყვნენ. რას ჰქვია, არ ელოდა? დიდი ბოდიში, მაგრამ საბავშვო ბაღი ხომ არ არის. 

რა სისტემები უნდა ჰქონოდა ქვეყანას, რომ საჰაერო შემოტევის მოგერიება მომხდარიყო.
- საჰაერო თავდაცვის ძალიან ბევრი სისტემა არსებობს. არის სტაციონალური, არის გადასაადგილებელი სისტემა. 21-ე საუკუნეა და თუ სურვილია, თვითმფრინავებს პანტა-პუნტით ყრიან. 

რაღაცეები არ გვქონდა, რაღაცეები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. რაღაცეები გვქონდა და სპეციალისტები არ გვყავდა. ახლა ამაზე საუბარი მხოლოდ უაზრო დისკუსიაა. ახლა ბევრი ამბობს, რომ სხვა ვითარება იქნებოდა, როკის გვირაბი რომ აგვეფეთქებინაო. 

ღმერმა დაგვიფარა, როკის გვირაბი რომ არ ავაფეთქეთ. იმიტომ, რომ თუ როკს ავაფეთქებდით, დასავლეთ საქართველოში შემოვიდოდნენ და სრულად დაიკავებდნენ. თუ თვითმფრინავებს ჩამოვუყრიდათ, მაშინ სტრატეგიულ რაკეტებს გამოიყენებდნენ, თუ სტრატეგიულ რაკეტებს შევეწინააღმდეგებოდით, შეიძლება ქიმიური და ბირთვული იარაღიც კი გამოეყენებინათ. 

ასე რომ, მოდით, ამ უაზრო დისკუსიებს შევეშვათ. ჩვენი მთავარი შეცდომა ამ ომში ჩაბმა იყო. ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება. დანარჩენი ყველაფერი არის პინგ-პონგის თამაში. 

ომში ჩაბმას შეცდომად აფასებთ, სხვა გამოსავალი არსებობდა?
- რა თქმა უნდა, არსებობდა. არაერთხელ მსმენია ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან, რომ სხვა გზა არ არსებობს და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, გადავდგათ ეს ნაბიჯიო. ეს ტყუილია. პოლიტიკოსი და დიპლომატი რომელიც ამბობს, რომ სხვა გზა არ არსებობს, არაპროფესიონალია. სხვა გზა ყოველთვის არსებობს და თითოეული საშუალება უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალურად გაანალიზებული და ყველა დიდი თუ პატარა სტრატეგია გათვლილი. 

ფაქტია, რომ ომისა და შემდგომი ინტერვენციის დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს სერიოზული ზიანი მოადგა. როგორც ცნობილია, ნატო-ს წევრი ქვეყნები და სხვა სახელმწიფოები აქტიურად ეხმარებოდნენ საქართველოს შეიარაღებაში. ამის შემდეგ უნდა ველოდოთ, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება?
- ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ყოველდღიურ ვითარებაზე. ნუ ვიფიქრებთ, რომ რაც დღეს დასავლეთში გადაწყდება, ხვალ ის აუცილებლად შესრულდება. ყველაფერი იმის მიხედვით მოხდება, ხვალ რა მოვლენებიც განვითარდება. დღეს ნატოც, შეერთებული შტატებიც და ევროპაც გადასულია ყოველდღიურ ეტაპობრივ მუშაობაზე. 

მოხდება ვითარების გაანლიზება, სიტუაციის შეფასება. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ შეფასება იქნება ცალსახა, ყველაფერ ამას დაერქმევა აგრესია, საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და ყველა ერთხმად შეთანხმდება იმაზე, რომ საჭიროა ქმედება და მხოლოდ ქმედების პირობებში არის შესაძლებელი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა ამ რეგიონში.

ქმედება რა მიმართულებით?
- ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო თუ სხვა. რაც შეეხება, უშუალოდ სამხედრო დახმარებას, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი ჯონ მაკკეინი გახდება, ის დახმარება რასაც ჩვენ დღეს მოველით, გაორმაგდება.
                                               DONWLOAD
კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 555 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz