პარასკევი, 2024-04-19, 1:52 PM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

ორი კომპლექსიანის შურისძიება
http://ორი კომპლექსიანის შურისძიება 2008-08-21, 9:04 PM

     

ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული, როგორიც დღესაა საერთაშორისო საზოგადოება, ალბათ, იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ მსოფლიო ლიდერების თავის ტკივილად რუსეთი იქცა. 


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, თითქმის მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და მხარდაჭერას უცხადებს კავკასიის რეგიონში ერთადერთ ”დემოკრატიის შუქურას” და ერთხმად დაგმეს რუსის ჯარის საქართველოში თარეში. 

თუმცა, დასავლეთის მხარდაჭერა ჯერჯერობით, განცხადებებით და ჰუმანიტარული მისიებით იფარგლება. საქართველოს ხელისუფლებას კი უკმარისობის გრძნობა აქვს და მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისგან უფრო ქმედით ნაბიჯებს ითხოვს. 

დასავლეთი კი, არ ჩქარობს და ცდილობს ცივი ომისგან იხსნას მსოფლიო. ერთის მხრივ, ოფიციალურ თბილისს შეშფოთების მიზეზი მართლაც აქვს. აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსის საოკუპაციო ჯარი არ ჩქარობს საქართველოს დატოვებას. უფრო მეტიც, რუსეთი კიდევ უფრო ღრმად ცდილობს ქვეყანაში გამაგრებას და დასავლეთის კატეგორიული ტონის პარალელურად, სულ უფრო მეტად ისმის აფეთქებები დასავლეთ საქართველოში.  

როგორც ჩანს, რუსეთი სულ უფრო გააღიზიანა ნატოს მინისტერიალმა და რუსეთის იზოლაციის მუქარას ძალის დემონსტრირებით პასუხობს. ეტყობა, პუტინი არც მიხეილ სააკაშვილის კომენტარებს ტოვებს უყურადღებოდ და დაბოღმილი გული უფრო მეტად ევსება ბოღმით.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია მოვლენათა შემდგომი განვითარება და საქართველოს დაბნეული ხელისუფლების მზერა კვლავ დასავლეთისკენაა მიმართული. რამდენად ადეკვატურია დასავლეთი და საით მიდის რუსეთი, ამ საკითხებზე პრესა.გე ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა. 

მოვლენათა განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად საქართველოსთვის ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ხელისუფლება უკმაყოფილებას ვერ მალავს და მიხეილ სააკაშვილი დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან განცხადებებიდან მოქმედედბებზე გადასვლას. 

დასავლეთი უფრო კატეგორიული და ქმედითი უნდა ყოფილიყო შექმნილ სიტუაციაში? 
- როცა ადამიანს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, რომელიც მის უსუსურობაზეა დაფუძნებული, მაშინ, მოლოდინიც, რომ სხვა შენს გასაკეთებელს გააკეთებს, აღმატებულია. დედამიწაზე ცხოვრება ისევე გრძელდება, როგორც აქამდე. თუმცა, შეშფოთება სახეზეა და ამ შეშფოთების მიზეზი არა საქართველო, არამედ რუსეთია. 

ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან ერთიანი შეხედულების ჩამოყალიბებას უნდა ვეცადოთ, რომელშიც საქართველოს ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ნატოს მინისტერიალზე 26-მა ქვეყანამ ცალსახად დაგმო რუსეთის მოქმედებები და ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებით, საქართველოს წინ, კიდევ ერთი ნაბიჯის გადაგმის საშუალება მისცა.

ჩვენ კი ყოველთვის, გვინდა აქ დავსვათ წერტილი და ორშაბათს საქართველო ნატოში ვიხილოთ. ევროპელები ერთხელ იტყვიან, მეორედ იტყვიან, მაგრამ მესამედ არ გაიმეორებენ. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. მათ რამდენჯერმე გააკეთეს მინიშნება რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, თუმცა წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაგმულა. მხოლოდ ტრაბახით გამოვუჭედეთ ყველას ყურები.  

დასავლეთმაც, თუ გაგონება არ გინდათ, კი ბატონოო და დაგვანება თავი - უკეთეს გამგონს დაელოდა. თუმცა, თუ ვიქნებით რეალისტები დავინახავთ, რომ დასავლეთის ძალისხმევით, დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ.

ცალკეული ლიდერების განცხადებები, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებით არაა გამყარებული, ბევრს არაფერს ნიშნავს. ნატოს მინისტერიალი კი ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის და ახლა ორივე ფეხი დავდგით დედამიწაზე. საყურადღებოა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალზე პირველად ახსენა სიტყვა ოკუპაცია და ეს დიპლომატიაში ბევრს ნიშნავს.  

მიუხედავად ამისა, რუსები მაინც არ გადიან საქართველოდან.
- ვინმემ მისცა მათ საშუალება გასულიყვნენ საქართველოდან? იქნებ ვინმეს არც აწყობს მათი საქართველოდან გასვლა, რადგან არ იცის შემდეგ რა ქნას? ჩვენ საზოგადოებას არ სჭირდება მორიგი ანტირუსული ისტერიის მოწყობა. ჩვენი განწყობა რუსეთის მიმართ დიდი ხანია ჩამოყალიბებულია. 

-”сила есть ума не надо”, - ეს რუსული ანდაზაა და იგი რუსულ გენში დევს. თუმცა, ქართველებს გვაქვს შესანიშნავი ანდაზა - ”ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოინდომებსა”. ამ ხერხზე იფიქრა ვინმემ?

საერთაშორისო საზოგადოებას არ სჭირდება აჯიკაზე გაზრდილი გენის ტემპერამენტის გამოვლინება. დასავლეთი ნაბიჯ-ნაბიჯ წავა კონფრონტაციის გზით, თუ რუსეთი არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს. რატომ უნდა წავიდეს დასავლეთი ცივი ომის გზით, რა, მათ ეზიზღებათ ეს პლანეტა? 

საქართველოს მკაფიოდ აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატული და იგი ნატოსკენ ისწრაფვის. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება დავაოკოთ რუსეთი, რომელსაც აგიჟებს საქართველოს ნატოში წარმოდგენაც კი? 
- საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ნატოზე საუბარიც არ იყო, როცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. მთავარი პრობლემა ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დამყარების კულტურის არარსებობაა.

რუსული საზოგადოების ცნობიერების პუტინიზაციას განიცდის. როცა პუტინმა НТВ დაიპყრო, მაშინ, მე რუსეთის ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ და განვაცხადე, რომ რუსული საზოგადოების ცნობიერების პუტინიზაცია საფრთხეს შეუქმნიდა, როგორც რუსეთს, ისე ჩემს ქვეყანას. დროა, რუსული საზოგადოება გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს, თორემ ეს თავად რუსეთისთვის იქნება ცუდი.

დღეს ალბათ, ადრეა იმის გაანალიზება, რა მოხდა და შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება. ერთის მხრივ, რუსეთს საქართველო ყელში ყავდა გაჩხერილი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ მიიღო პუტინმა რუსეთისთვის ესოდენ სარისკო გადაწყვეტილება, რითაც მთელ დემოკრატიულ სამყაროს დაუპირისპირდა?  
- პუტინმა თავისი მმართველობა კრახით დაასრულა. მისი სიტყვა არსად გავიდა არც კოსოვოს და არც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით. მას თავმოყვარეობა შეელახა და მონახა ყველაზე მტკივნეული ადგილი, რითაც ცდილობს დარტყმა მიაყენოს ამერიკას.

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისთვის ძნელია იმის დანახვა, რომ არაფრად აგდებენ. მითუმეტეს, რომ რუსეთს სისტემატიურად აღიზიანებდნენ საქართელოდანაც. იგი არასოდეს ჩაუთვლიათ ღირსად ერთი ნორმალური ელჩი გაეზავნათ, რომელიც შეძლებდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და რუსეთს შორის. 

სუსტის და ფიზიკური მონაცემებით დაკომპლექსებული ადამიანის რეაქცია კი ისეთია, როგორც ახლა პუტინი იქცევა. ცუდი კი ისაა, რომ ასეთი დაკომპლექსებული ადამიანი ახლა ორია რუსეთში.

ამბობენ, რომ მედვედევსა და პუტინს შორის უთანხმოება უკვე დაიწყო. რამდენადაა მოსალოდნელი, რომ მედვედევიც შეაწუხოს თავმოყვარეობამ და პრეზიდენტის ამბიციებმა?
- მედვედევი უმალ თავს მოიკლავს, ვიდრე პუტინს დაუპირისპირდება. ეს ის საკითხია, როცა პუტინმა ათასჯერ გაზომა და ერთხელ გაჭრა, როცა თავის შემცვლელად მედვედევი დანიშნა. 

- რაც შეეხება რუსეთის მომავალს, მან ისე მოიჭრა თავი საერთაშორისო ასპარეზზე, რომ დღეს რუსეთის გინებამ აქტუალობა დაკარგა. როცა ქვეყნიდან უზარმაზარი კაპიტალი გადის საზღვარგარეთ, ეს დიდი რისკია თავად პუტინისთვის. დღეს ვინც რუსულ პოლიტიკაში იღებს გადაწყვეტილებას, ამ ხალხის უმრავლესობა ჩრდილში დგას და არ ჩანს. თუმცა, როგორც შეაფასებენ ისინი რუსეთში მიმდინარე პროცესებს და რას მოიმოქმედებენ შემდგომში მთავარი ესაა.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 910 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz