პარასკევი, 2024-04-26, 2:09 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

ტრაგედია უგმიროდ ანუ სად არის გამოსავალი?
http://ტრაგედია უგმიროდ ანუ სად არის გამოსავალი? 2008-08-20, 1:23 PM

 

ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოს უახლოეს ისტორიაში არნახული ტრაგედია დაატყდა თავს. ასეთი, დიდი შეურაცხყოფა და დამცირება ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ გადაუტანია. ის, დიდი პატივისცემა, რომელიც ქვეყანამ უსისხლო ვარდების რევოლუციის შედეგად მოიპოვა, პრაქტიკულად მთლიანად იქნა გაცამტვერებული რამოდენიმე გასროლით. 


პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, ამ უბედურებაზე პასუხისმგებელი რუსული იმპერიალიზმია. დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს ველიკოდერჟავნიკული რუსეთის ჭეშმარიტ სახეს. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ფაქტი დიდი შვება არ არის ჩვენი თანამემამულეებისათვის, რომლებიც დღეს ყოველდღიურად საშინელი ძალადობის წნეხს განიცდიან. 

ამ დღეებში მთელი შეგნებული ქართული საზოგადოებრიობა გაერთიანებულია რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ - პირველი ამოცანა ყველასათვის, მათს შორის ჩვენი უცხოელი მეგობრებისათვის არის რუსების ჯარების გაყვანა. არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა საოკუპაციო ჯარების მიმართ არის ის ერთადერთი გზა, რომელსაც ქართველი ერი გაჰყვება. 

დასავლური პრესას თუ დავუჯერებთ, ევროპა და ამერიკა არ ელოდნენ რუსეთის ასეთ მკვეთრ რეაქციას სამაჩაბლოში დატრიალებულ მოვლენებზე. თუმცა მათგან განსხვავებით ჩვენ კარგად ვიცოდით რუსული იმპერიალიზმის ჭეშმარიტი ზრახვები და ისიც რომ საბაბი არ უნდა მიგვეცა გამგელებული ოკუპანტებისათვის. 

ზოგადად შეიძლება ითქვას რომ მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რა კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება ამას ძნელი სათქმელია. 

დასავლური პრესა აღნიშნავს რომ დასავლეთი რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტზე წასვლას არ აპირებს. უფრო მეტიც, სულ ორიოდე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საავადმყფო გემი, რომელიც აპირებდა შავ ზღვაში შემოსვლას რომ დაჭრილ მეომრებს დახმარებოდა, თვით ნატოს წევრი ქვეყნის თურქეთის მიერ იქნა გაჩერებული ბოსფორის სრუტესთან. ეს იმის ნიშანი იყო, რომ თურქეთს არ სურს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება. 

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩევა ამერიკა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, თუმცა ისინიც ვერ მალავენ რომ ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე. რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ამას წინათ განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს, არ აჰყოლოდა რუსების პროვოკაციებს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავი ვერ შეიკავა. 

ამერიკულ პრესაში ამ დღეებში სულ უფრო და უფრო ხშირად სააკაშვილს ადარებენ ”დანჯღრეულ ქვემეხს”, რომელიც უდროო დროს ისვრის და საჭირო დროს აღარ ვარგა. თუმცა საქართველოსადმი და მისი დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა საკმაოდ დიდია. 

ექსპერტები ამბობენ რომ გამოსავალი მეტად რთული მოსაძებნია. აშკარაა, რომ დიდი შეცდომა იქნა დაშვებული იმ გათვლისას, რომ სამხედრო მოქმედებები ამა თუ იმ ფორმით გამოსადეგი იქნებოდა ვინმესთვის და რომ საქართველოს ვიღაც იარაღით დაიცავდა. 

როგორც ექსპერტები ამბობენ, ახლა საქართველომ უნდა დაიწყოს პოლიტიკური სვლა რეაბილიტაციისაკენ და დე-ოკუპაციისაკენ. ამისათვის, ნამდვილად კარგი იქნება თუ კონფლიქტის ზონების სრული დემილიტარიზაციისკენ გადაიდგმება ნაბიჯები და საერთოდ საქართველო მთლიანად მშვიდობის ზონად გამოცხადდება. ეს ფაქტორი აიძულებს რუსეთს რომ სხვანაირად გაიაზროს საკუთარი სამხედრო მონაწილეობა. 

დასავლეთისათვის დილემა სწორედ ის არის, რომ რუსეთის წნეხის ქვეშ საქართველოში მთავრობის ცვლილება უკვე სრულ კაპიტულაციას მოასწავებს, მაგრამ ამავე დროს სააკაშვილისა უკვე თითქმის აღარავის სჯერა. ეს დილემა რთული გადასაჭრელია. 

როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურად თქვა, საქართველოში სამშვიდობო ზონების დასამყარებლად იდეალური ვარიანტი იქნება ნინო ბურჯანაძის დაბრუნება მთავრობის მეთაურად და მასთან ერთად კოალიციური მთავრობის პრინციპზე ოპოზიციის პროგრესული ნაწილის ჩართვა ქვეყნის მართვა გამგეობაში (უსუფაშვილი, გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ). 

ეს მისი აზრით მოლაპარაკებების პროცესს უფრო კონსტრუქციულსა და პროფესიულს გახდიდა და ამავე დროს თავიდან აგვაცილებდა იგორ გიორგაძის მაგვარ პრო-რუსულ მარიონეტულ ძალებს, რომელთა საქართველოში დასმაც რუსეთისთვის ახლა მეტად ხელსაყრელია. თუკი ასეთ პერიოდში ხელისუფლების ძირითადი ძალა პრემიერის ინსტიტუტზე გადავიდოდა, მაშინ შეიძლებოდა პოლიტიკური კატაკლიზმების თავიდან აცილება და დე-ოკუპაციის პროცესის შედარებით უმტკივნეულოდ წარმართვა. 

ეს არის ერთ-ერთი კულუარული მოსაზრება, რომელთაც უხვად მოისმენს კაცი ამ ბოლო ხანებში ვაშინგტონში. თუმცა, ნეოკონსერვატორებს შორის არიან სააკაშვილის მომხრეებიც, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის თამადობით ცდილობენ რომ დაეხმარონ საქართველოს ”სტინგერების” ტიპის სარაკეტო დანადგარების ყიდვაში. თუმცა კონდოლიზა რაისი და მისი ფრთა სახელმწიფო დეპარტამენტში თვლის რომ დღეს საქართველოს ”სტინგერები” კი არა სამშვიდობო გეგმა უშველის. 

ქართველები რომ თალიბები არ არიან და ისინი დღედაღამ სტინგერებზე არ ოცნებობენ, ყველა იმ ექსპერტმა კარგად იცის, ვინც საქართველში ნამყოფია. ამერიკის ვიცე პრეზიდენტი სახელმწიფო მდივნისაგან განსხვავებით არ არის ნამყოფი სტუმართმოყვარე საქართველოში, სადაც სუფრასთან ჯდომა ადამიანებს ბევრად ურჩევნიათ სტინგერებთან ჯდომას და არც ისე ბევრი ”თვითმკვლელი მეომარია”. 

საქართველომ თავისი ყველაზე უფრო დიდი გამარჯვებები სწორედ არაძალადობის წყალობით მოიპოვა და იმედია რომ ჩვენც გავიაზრებთ ამას. ქართველი ერი გადაიტანს ამ უბედურებასაც, ისევე როგორც ბევრი სხვა გადაუტანია. ოღონდ ამ შემთხვევაში დანჯღრეული ქვემეხების მაგივრად ჩვენთვის აუცილებელია კარგად გამართული და პრინციპული სამშვიდობო დიპლომატია, რომელიც ანტი-იმპერიალიზმისა და ანტი-მილიტარიზმის პრინციპებზე იქნება აგებული. რუსეთს ყველაზე მეტად ამის ეშინია.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 566 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz