ხუთშაბათი, 2024-04-25, 4:12 AM
ახალი ამბები- საქართველო და პოლიტიკამთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
იბრძოლებთ თუ არა თქვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის?
სულ პასუხი: 1428
მთავარი » საიტების კატალოგი » GeoNews

გია ყარყარაშვილი: შეფასებას მომავალში გავაკეთებ
http://გია ყარყარაშვილი: შეფასებას მომავალში გავაკეთებ 2008-08-20, 10:17 AM

                          

ცხადია, ქართულ მიწაზე რუსული ტანკების ბოგინი დიდხანს არ გაგრძელდება. ახლა კრემლი უბრალოდ დროს წელავს და უკვე მთელი მსოფლიოს ნერვებზე თამაშობს. ფაქტია, მისი მხრიდან ვადების დარღვევა საკუთარი გეგმით არის განპირობებული. მიზანია, საბოლოოდ გაანადგუროს საქართველოს ინფრასტრუქტურა, გაზიდოს ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდება და როგორმე საზოგადოებაში სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გააჩინოს. 


ამ საკითხებზე “პრესა.გე” თავდაცვის ყოფილ მინისტრს, გენერალ გია ყარყარაშვილს ესაუბრა. 

გია ყარყარაშვილი: “მოწინააღმდეგის ინტერესშია გაწელოს გასვლის დრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაწელვა თავად მისთვის არ იქნება სასარგებლო, რადგან ქვეყანა ნელ-ნელა შოკიდან გამოდის. საზოგადოება ფხიზლდება, შიშს თრგუნავს, გამბედაობა წინა ხაზზე მოდის, უკვე გამოჩნდა რუსი ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები, იქ პატრული გადაუდგა მანქანებით რუსულ სამხედრო ტექნიკას, ბორჯომთან და საჩხერესთან პატრულმა და მოსახლეობამ ქალაქში შესვლის ნება არ მისცა, ხვალ ეს ერთეული მოვლენები გადაიზრდება საერთო სახალხო უკმაყოფილებაში, აღშფოთებაში და შემდეგ წინააღმდეგობაში”. 

რუსეთს სწორედ ასეთი წინააღმდეგობის გამოწვევა ხომ არ უნდა, რომ შემდეგ ცეცხლის გახსნის პროვოცირება მოაწყოს და თავისი აქ ყოფნა გაამართლოს?
- არის ასეთი ცნება - სამხედრო გამოწვევა. ასე რომ, მოვლენების ყოველმხრივი განვითარებისთვის უნდა იყო მზად. ამისთვის სამხედრო პოლიტიკის წარმმართველ პირებს მიეცათ შესანიშნავი პერიოდი ერთკვირიანი დასვენების, აზროვნების, გონზე მოსვლის, ჭკუისა და გონების ამოძრავებისთვის და ამიტომ ეს საკმარისი ვადაა, რომ ამგვარი გამოწვევებისთვის ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მზად იყოს. ჩვენი ღირსების დაცვისა და თავმოყვარეობის საკითხი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას არ უნდა გადავცეთ. 

რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ერთკვირიანი დასვენება ჩვენს უსაფრთხოების სისტემას საშუალებას აძლევს, პროვოკაციული გამოწვევებისთვის მზად იყოს?
- როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სახელმწიფო მზად არ იყო ამ ხასიათის სამხედრო მოქმედებისათვის, მისთვის მოულოდნელი იყო ომში რუსეთის ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო ძალების ჩარევა. ეს შეცდომაა, რადგან სავარაუდო ომის ხასიათის განსაზღვრა ოპერატიული ხელოვნების ქვაკუთხედია. სამხედრო პოლიტიკის წარმმართველები ყველაფერს ომის დაწყებამდე უნდა თვლიდნენ და აფასებდნენ. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან ერთი კვირა გავიდა, გაჩნდა ანალიზის დრო, თუ რა ტიპის წინააღმდეგობასთან გვქონდა საქმე, რა ძალებია შენს წინააღმდეგ და რა ფორმას იყენებს მოწინააღმდეგე. ეს ყველაფერი არის ის ცოდნა, რომელიც უსაფრთხოების ჩვენმა სისტემამ უკვე მიიღო. ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებები აღიდგინო.

რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერი ამ დღეებში აცხადებენ, რომ ქართული ჯარი დემორალიზებულია…
- დემორალიზაცია ის კატეგორიაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა დაღუპული და დაჭრილი ადამიანების რიცხოვნობიდან უნდა გამოიყვანო. სამხედრო მეცნიერების ცნებებია - მოწინააღმდეგის ძალების დათრგუნვა და განადგურება. სამხედრო შენაერთის დათრგუნვა ხდება თუ დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი 12-17 პროცენტს შეადგენს, ხოლო დემორალიზებული და განადგურებულია ჯარი, თუ ეს რიცხვი 25-35 პროცენტია. თუკი დანაკარგები 3-4 ათასი იქნებოდა, მაშინ ვიტყოდი, რომ ჩვენი სამხედრო ძალები დათრგუნული იქნება. როგორც ტელევიზია აცხადებს, დაღუპულთა რიცხვი არ აღემატება 135 ჯარისკაცს, ხოლო დაკარგულია 70 კაცი. ეს კი ჩვენი სამხედრო ძალების დაახლოებით 0,5 პროცენტია. დაჭრილებთან ერთად კი შეადგენს 1-2 პროცენტს. ამიტომ არანაირ დათრგუნვასა და დემორალიზაციასთან საქმე არ უნდა გვქონდეს. 

მიზანმიმართულად ხომ არ ვრცელდება ჭორი, რომ სამხედრო ძალებში დიდი მსხვერპლია სწორედ იმიტომ, რომ დათრგუნვა გამოიწვიონ?
- ჭორი, დეზინფორმაცია ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღი, რომელსაც ერთის მხრივ მოწინააღმდეგე ავრცელებს და მეორე მხრივ, პანიკა იწვევს. თუ სამხედრო პირებში, რომლებიც უსაფრთხოების სისტემას მართავენ და სამხედრო უწყებებს ხელმძღვანელობენ, რაიმე ბზარი შეინიშნება, ეს უკვე საკადრო პოლიტიკის შედეგია და არა რეალური სიტუაციის.

შეურაცხყოფილი ვარ, როდესაც ვუყურებ, ქართულ ტერიტორიაზე როგორ დადიან რუსული ტანკები, ბეემპეები და ბეტეერები და არ მაკმაყოფილებს ის წინააღმდეგობა, რომელიც გაწეული იყო 5 დღის განმავლობაში. ახლა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ დღევანდელი სიტუაცია 1993 წელთან შეადარონ. ასეთი შედარების წინააღმდეგი ხართ?
- ჯერ ერთი, 1993 წლის მოვლენებს თავისი ღირებულებები და გამოწვევები ჰქონდა, 2008 წლის მოვლენებს კი - თავისი. მეორეც, ვერ შევადარებ უხელფასო, ჩაუცმელ თავდადებულ მებრძოლებს მაღალანაზღაურებად, ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ჯართან. მესამეც, ვერ შევადარებ 1993 წლის და დღევანდელ სამხედრო ბიუჯეტს. დაბოლოს, ყველაფრის შედარება ხდება დაღვრილი სისხლით. დღეს აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა 135 სამხედრო, სოხუმში ამდენი მებრძოლი მარტო მოწინააღმდეგის მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში დაიწვა. სოხუმის დაცვას კი 1200 თავდადებულმა შესწირა თავი. ამას ემატება ის, რომ სოხუმის საბრძოლო ფრონტი იყო გუმისთიდან ახაშენამდე 40 კილომეტრი ჩრდილოეთით, ხოლო სიღრმეში დაახლოებით 80 კლომეტრი. დღევანდელი საბრძოლო მოქმედებების ფრონტი კი 10-20 კილომეტრზე იყო გაშლილი. ამიტომ არ მესმის, ეს ორი ომი ერთმანეთს რა კრიტერიუმით უნდა შევადარო. 

აღნიშნეთ, რომ ხუთდღიანი წინააღმდეგობა არ გაკმაყოფილებთ, ფიქრობთ, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მეტი რესური გააჩნდათ, ვიდრე გამოიყენა?
- ამ ჯარს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე იმ მოხალისეთა არმიას, რომელსაც მე სოხუმის დაცვისას ვხელმძღვანელობდი. ამას უნდა დავამატოთ, რომ მაშინ ის ჯარი განიარაღებული იყო ხელშეკრებულებით. თანაც, ჩვენს მიმართ ყოველთვის იყო პრეტენზია და კრიტიკა, ასევე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მესმოდა, რომ ჩვენ 1993 წლის ჯარი აღარ ვართო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეც ბევრად უფრო კრიტიკული ვიქნები, იმიტომ, რომ შენი სამშობლო მეტს მოითხოვს. მით უმეტეს, რომ ჩვენ დროს სამხედროებს იმის მეასედი არ ჰქონია პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელისუფლების გვერდში დგომა, რაც დღევანდელ სამხედრო შენაერთებს აქვს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხინვალის დატოვების გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ იყო მიღებული, რომ რუსეთის 58 რეგულარული არმია შემოვიდა, მასობრივი საჰაერო იერიშები მიმდინარეობდა და ამ ძალასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა.
- რა თქმა უნდა, ამ განცხადებებს ახსნაც აქვს და გამართლებაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამხედრო ცოდნა ოპერატიული ხელოვნებისა იმას საჭიროებს, რომ წინასწარ განსაზღვრო სავარაუდო ომის ხასიათი და მზად იყო ამგვარი ომის მიმდინარეობისთვის. ჩვენ წინასწარ უნდა განგვესაზღვრა, მოწინააღმდეგის ავიაციის რა ხარისხი მიიღებდა მონაწილეობას, ამიტომ ქართული ჯარის შეიარაღების დროსაც ამ კუთხით უნდა ყოფილიყო გააზრებული თითოეული შესყიდვა. ამასთან, ტერიტორიის მომზადება - ესეც არის სამხედრო მეცნიერების წინასაომარი პერიოდის აუცილებელი პირობა. 

ხუთასი ტანკი შემოვა თუ ათასი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შემოდის ერთი გვირაბიდან და მოდის ერთ ვიწრო გზაზე, რომელსაც არც მარჯვნივ და არც მარცხნივ გადასახვევი არა აქვს. ამიტომ ყველაფერი ეს ის კატეგორიებია, რომლისთვისაც სამხედრო ვალდებულია მზად იყოს.

არ აღმოჩნდა ქართული უსაფრთხოებისა და თავდაცვითი სისტემები ამისთვის მომზადებული.
- დღეს არ მინდა შეფასება გავაკეთო. ეს მოვლენები რომ დასრულდება, მივიღებ მონაწილეობას იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელსაც სურვილი ექნება, სრულად იყოს შესწავლილი ყოველივე ის, რაც წინასაომარ პერიოდში მოხდა: დაწყებული სამხედრო აღმშენებლობიდან, ასევე რა პოლიტიკური შეცდომები იყო დაშვებული ომისა და მშვიდობის საკითხებთან მიმართებაში, უსაფრთხოების სისტემის მშენებლობაში და სხვა. დღეს განცხადება რომ გავაკეთო, ეს იქნება ზერელე, ზედაპირული და არაკვალიფიციური.

თქვენ საბრძოლო მოქმედებების დროს იყავით ცხინვალში და გარკვეული რეკომენდაციები მიეცით სარდლობას. თუმცა, ამბობენ, რომ გია ყარყარაშვილის რჩევა არ იქნა გათვალისწინებული, რამდენად მართალია?
- პირველი ხუთი დღე მცდელობა მქონდა, რომ მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ჩემი ეს მცდელობა, რბილად რომ ვთქვათ, უგულებელყოფილი იყო. ბოლოს წინა დღეს კი იყო შემოთავაზება, რომ ჩავსულიყავი. შევხვდი თავდაცვის მინისტრსა და შემდეგ გენშტაბის უფროსის მოადგილე გია ტატიშვილს. რეკომენდაციები მივეცი, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული, რადგან რესურსი უკვე ამოწურული იყო და მას უკვე აღარ ძალუძდა ჩემი რჩევის განხორციელება.

თუ საიდუმლო არ არის, რას სთავაზობდით?
- დასამალი არაფერია. ვთავაზობდი, რომ ოპერატიულად მომხრადიყო წინა ხაზის საინჟინრო თავდაცვითი ზღუდეების შექმნა. ამით ერთი მხრივ, პირადი შემადგენლობა რუსული ავიაციისა და არტილერისგან დაცული იქნებოდა და მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგის წინსვლა არ მოხდებოდა. მე რომ ჩავედი, ჩვენები ცხინვალიდან უკვე გამოსულები იყვნენ, ამიტომ საინჟინრო თავდაცვითი ზღუდეები ტყვიავის იქით უნდა გაკეთებულიყო. თუმცა, უკვე გვიან იყო. ეს ერთი-ორი დღით ადრე რომ გაკეთებულიყო, გორის მოსახლეობას მაინც დავიცავდით. 

არის საუბრები, რომ რუსეთი მცდელობას არ აკლებს, სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ არა მარტო ხალხი, არამედ ჯარიც ააბუნტოს.
- ალბათ, ამის მინიმალური საფრთხე არის, მაგრამ დღეს ქართული საზოგადოება იმდენად ჯანმრთელი აღმოჩნდა, რომ ეს არ გამოუვა. მით უფრო, არაფერი გამოუვა ჯარში. თანაც, ასეთი ტრაგიკული მოვლენები არ შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის თემა. შეიძლება ეს იყოს შემდგომში, თუკი ისევ იგნორინებული იქნება საზოგადოებრივი ინიციატივები სამხედრო აღმშენებლობაში მონიტორინგსა და კონტროლზე. 

1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ საქართველო ბევრად უფრო წელში გატეხილი იყო, ბევრად უფრო მეტი მსხვერპლი ჰქონდა, დემორალიზებული იყო, ამას ემატებოდა ძლიერი შიდა განხეთქილება და ქვეყანას არც საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომა არ ჰქონდა, მაგრამ წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ ფეხზე წამომდგარიყო.. დღეს კი საზოგადოება ხელისუფლება ერთად დგას, საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერაა, ამიტომ ბევრად მალე შეუძლია საქართველოს ფეხზე წამოდგომა.

კატეგორია: GeoNews | დაამატა: geoarmy | ავტორი: dato
გადასულია: 599 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
www.netfiles.ucoz.com



სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024 Free web hosting - uCoz